წინა ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ფინეთის გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე მეხუთედ აღძრა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის (2001-2015) მიმართ, რომელიც ფინეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი (2004-2015) და ფინეთის მოქმედი პარლამენტარია. მისი სახელი და გვარი პაივი რასიაენია. ხუთიდან სამ საქმეზე მის რასიაენის მიმართ საბრალდებო დასკვნა უკვე მზადაა და იგი სასამართლოს მოლოდინშია. პაივი რასიაენი გახლავთ ექიმი, ლუთერანი პასტორის მეუღლე და ხუთი შვილის დედა. მალე 61 წელი უსრულდება. საინტერესოა, რაში სდებენ ბრალს? კორუფციაში? უფლებამოსილების გადამეტებაში? სახელმწიფო ღალატში? ან იქნებ მინისტრობის დროს პოლიციას კრიმინალური დავალებები მისცა? არა. მას სულ სხვა რამეში, ,,სიძულვილის ენით“ საუბარში ადანაშაულებენ. რასიაენი არც რასისტია, არც ფაშისტი და არც არავინ მოუკლავს. მისი ,,დანაშაული’’ მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ბიბლიიდან ციტატა მოიყვანა და ჰომოსექსუალობა ცოდვად მოიხსენია.
ყოველი შემთხვევისთვის საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ სწორედ იმ წლებში, როცა ივი რასიანენი შინაგან საქმეთ მინისტრი იყო, ჰელსინკში ყოველ წელს, ივნისის ბოლო კვირაში გეი-აღლუმი იმართებოდა და მათთვის თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილებს მუდამ წესების დაცვით აკავებდა პოლიცია. რასიანენის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია კოალიციური მთავრობის უმცროსი პარტნიორი გახლდათ და ფინეთის კანონების შეცვლა არ შეეძლო, ძალიანაც რომ სდომებოდა.
თუმცა, თავად რასიანენს არასოდეს დაუმალავს ქრისტიანული შეხედულებები. არც მერე და არც იქამდე, ვიდრე 2011 წელს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდოდა. ცვლილებების შევიდა კოდექსის თავში ,,ომში და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული.’’ ამჟამად, ისეთი დანაშაულების ჩამონათვალი, როგორიცაა გენოციდი, სამოქალაქო ომის დროს ხალხის მკვლელობა და გაუპატიურება, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება, წამება და ა.შ., ფინეთის სამართლებრივი კოდექსის გადმოსახედიდან შეიცავს ,,აზრის ან სხვა სახის ურთიერთობის გამოხატვას, რომელიც ემუქრება, აძაგებს ან შეურაცხყოფს [ადამიანს] რასობრივ ნიადაგზე, კანის ფერის გამო, იმ გარემოებების გამო, რომელშიც დაიბადა, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშოების, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციისა ან შეზღუდული შესაძლებლობის გამო.“
რასიანენის პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ფინეთის ევანგელისტური ლუთერანული ეკლესია (რომლის მრევლიც თავადაა) 2019 წლის ივნისში გეი-აღლუმის ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამის შესახებ რასიანენმა ,,ფეისბუქზე’’ დაწერა და ამ ინფორმაციას ბიბლიიდან ამონარიდის ფოტოსურათიც დაურთო, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: ,, ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმების უწმიდურებას, რათა თვითონვე შეებილწათ თავიანთი სხეულები ერთმანეთში. რომელთაც ღმერთის ჭეშმარიტება სიცრუით შეცვალეს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ! ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის (რომაელთა 1:24-27) და დასვა შემდეგი კითხვა: ,,როგორ შეიძლება ის, რომ ეკლესიისა და ბიბლიის ფუნდამენტი შეუამხანაგდეს ისეთი რამის აშკარა გამოფენას, რაც სასირცხვილო და ცოდვიანია?’’
ამის შემდეგ, რასიანენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შემდეგ ამ საქმეს კიდევ ოთხი ახალი საქმე დაემატა რადიო და სატელევიზიო თოქ-შოუებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ინტერნეტსივრცეში მისი 2004 წელს დაწერილი ბუკლეტის არსებობით, სახელწოდებით ,,მან შექმნა მამაკაცი და ქალი. ჰომოსექსუალური ურთიერთობები ადამიანის ქრისტიანულ აღქმას უპირისპირდება’’ (ასევე ბუკლეტი ,,ჰომოსექსუალური ურთიერთობები ადამიანის ქრისტიანული გაგებისთვის გამოწვევას წარმოადგენს’’). ბოლოს კი, მეხუთე საქმე აღძრეს მისი სექტემბრის პოსტის საპასუხოდ, რომელიც თავის ბლოგზე განათავსა. პოსტს სახელად ერქვა ,,მეფე შიშველია! გეი-აღლუმი ადამიანის უფლებებით განსაზღვრული მოვლენა არ არის.’’
პაივი რასიანენმა გაიმეორა, რომ ადამიანები ღმერთს უყვარს სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად და ყველა მათგანი ძვირფასია მისთვის. ყველა ცოდვილია და მონანიებისკენ მოუწოდებს უფალი. არის ამაში მუქარა, ცილისწამება ან შეურაცხყოფა? პოლიციამ საქმის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, რადგან დეპუტატის სიტყვებში კრიმინალური ვერაფერი იპოვა, თუმცა, გენერალური პროკურორის მოთხოვნით, გამოძიება გაგრძელდა.
რასიანენის თქმით, მას ციხის არ ეშინია (რომელიმე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორწლიანი პატიმრობა ელის). ,,რთულია გავიგოთ, რა ხდება ჩემს სამშობლოში ამჟამად…’’ თქვა მან. ,,რაც უფრო მშვიდად ვართ რთულ და საკამათო საკითხებთან დაკავშირებით, მით უფრო მეტ გზას ვუთმობთ სიტყვის თავისუფლებას და სინდისის თავისუფლებას. თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, ეს დიდი სახელმწიფო ცენზურის დასაწყისის მანიშნებელი იქნება,’’ აცხადებს დეპუტატი, თუმცა, მისი თქმით, ეს გაუთავებელი ბრალდებები, წინასასამართლო გამოძიებანი და დაკითხვები, ბრალის გარეშეც პრაქტიკულად ზღუდავს სიტყვისა და სინდისის თავისუფლებას.
ამ მაგალითზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლგბტ მოძრაობა, რომელიც თავს უმცირესობისა და მრავალფეროვნების დამცველად წარმოგვიჩენს, სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იკრებს, არატოლერანტული ხდება და ყველას დევნის, ვინც მისი მომხრე არ არის. ამჟამად ფინეთში ლგბტ აქტივისტებს ასაკოვანი ექიმისა და მრავალშვილიანი დედის ციხეში ჩასმა სურთ მხოლოდ იმისთვის, რომ მან ისინი ადამიანის უფლებათა დამცველებად არ მიიჩნია.
Discussion about this post